ლევან კოჭლოშვილი: ჰელსინკის კომისიის მოსმენა არ იქნება სანდო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული. ეს არის წინასწარ დაწერილი პოლიტიკური ვერდიქტის ტრიბუნა, სადაც დასკვნები მზად არის მანამ, სანამ განხილვა საერთოდ დაიწყება

ლევან კოჭლოშვილი

ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი ლორა თორნტონია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „სექსუალურ მოძალადედ“ მოიხსენიებს. მოსმენას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სერიოზული კითხვები ჩნდება მოსმენის ობიექტურობასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს საკითხზე მომხსენებელია ლორა თორნტონი.

ასევე კოჭლოშვილის შეფასებით, ობიექტურობაზე საუბარი აზრს კარგავს მაშინ, როდესაც იგივე მოსმენაზე სიტყვით გამოდის ჯო უილსონი, რომლის საქმიანობა უკავშირდება რადიკალური ოპოზიციის ინტერესების ლობირებას.

„მკვდრად შობილი ჰელსინკის კომისიის მოსმენა - ასე შეიძლება შეფასდეს პროცესი, რომელსაც „დასკვნის“ სახელით შემოგვთავაზებენ. სერიოზული კითხვები ჩნდება მოსმენის ობიექტურობასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს საკითხზე მომხსენებელია ლორა თორნტონი - აწ უკვე გაუქმებული NDI-ის ყოფილი წარმომადგენელი, ორგანიზაციიდან, რომელიც წლების განმავლობაში ღიად და აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში და არასდროს წარმოადგენდა ნეიტრალურ დამკვირვებელს. ობიექტურობაზე საუბარი აზრს კარგავს მაშინ, როდესაც იგივე მოსმენაზე სიტყვით გამოდის ჯო უილსონი - კონგრესმენი, რომლის საქმიანობა FARA-ს რეგისტრაციებსა და საჯარო მასალებზე დაყრდნობით უკავშირდება რადიკალური ოპოზიციის ინტერესების ლობირებას. ამ პირობებში ჰელსინკის კომისიის მოსმენა არ იქნება სანდო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული. ეს არის წინასწარ დაწერილი პოლიტიკური ვერდიქტის ტრიბუნა, სადაც დასკვნები მზად არის მანამ, სანამ განხილვა საერთოდ დაიწყება“, - წერს კოჭლოშვილი.