მძიმე ავარია თბილისში - არის მსხვერპლი
1773405926
„მოსკოვის მექანიზმი“ უკვე აღარ არის რაღაცა რეზოლუცია, შეგონება რომელიმე სახელმწიფოსთვის, ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მძიმე დღეები უდგას არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ სახელმწიფოს.
„პირდაპირ არის იქ მონიშნული, მათ შორის, პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების საკითხზე, ამ ქვეყანაში უსამართლობაზე. მათ შორის, ჩემს პირად საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურ შემხებლობაშია. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ ძალოვან უწყებას, სასამართლოს, პროკურატურას, ძალიან მძიმე დღეები უდგას სახელმწიფოს. არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ სახელმწიფოს. ეს „მოსკოვის მექანიზმი“ უკვე აღარ არის რაღაცა რეზოლუცია, რომელიც შეგონებაა რომელიმე სახელმწიფოსთვის და ხელისუფლებისთვის, ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი. საბოლოო ჯამში, იქნება დღეს, ხვალ თუ უახლოეს მომავალში, ეს სამართლებრივი აქტი აუცილებლად ამოქმედდება, მათ შორის, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ემსახურება რეჟიმს.
ეს პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილის განცხადება კი არ არის ან საზოგადოების რომელიმე წევრის, უკვე ეს არის ოფიციალური დოკუმენტი. ახლა მართლა ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიდ ბრიტანეთზე შეუძლია იქირქილოს და თქვას, აღარც დიდი იქნება და აღარც ბრიტანეთი და ასეთმა ხალხმა დასცინოს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს. ახლა თუ ვინმეს სერიოზულად წარმოუდგენია შარმანშვილი, ვოლსკი, ზარქუა უნდა ლაპარაკობდეს აგდებულად საფრანგეთზე, გერმანიაზე, პოლონეთზე, ლიტვაზე, ლატვიაზე… სიმართლე გითხრათ, თეთრი შურით მშურს სომხეთის პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტთან როგორ ერთობა, კონკრეტულ პოლიტიკური გადაწყვეტილებას განიხილავენ, დაძმობილდნენ. აქეთ ჩემს ქვეყანას გამოვხედავ და შუა აზიაში, თურქმენეთსა და ტაჯიკეთში დარბის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპაში რომ ჩავიდნენ, ვიზა სჭირდებათ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.