ლევან დავითაშვილი: მომავალ წლებში ვიქნებით ძალიან აქტიური იმისთვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ იქნება მიმართული - ჩვენი გეგმაა, დამატებით 200 ათასი ადგილი შეიქმნას

ლევან დავითაშვილი

მომავალ წლებში ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური იმისთვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ იქნება მიმართული და ეს ყველაფერი აისახება კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაში - ჩვენი გეგმაა, დამატებით 200 ათასი ადგილი შეიქმნას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია წლებია, უსაფუძვლოდ საუბრობს ეკონომიკის ჩამოშლაზე და ეს განცხადებები სამთავრობო გუნდისთვის ახალი არ არის.

„ეს წლების განმავლობაში გრძელდება. ეს ნარატივი არ არგებს ქვეყანას, მაგრამ რეალობა სხვაა. რეალობა ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა, ფაქტობრივად გაორმაგდა. უმუშევრობის დონე მინიმუმამდე დავიდა. იცით, 13,8%-ია. ეს ისტორიული მინიმუმია და საერთაშორისო სტანდარტებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ 350 ათასზე მეტმა ადამიანმა, მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, თავი დააღწია უკიდურეს სიღარიბეს. ეს არის ტენდენციები, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში შეინიშნება. ოპოზიცია ადრეც აპელირებდა, რომ ჩვენი ეკონომიკა ჩამოიშლებოდა, არ იქნებოდა წინსვლა და ზოგადად, კატაკლიზმებს ისინი ასახავდნენ-ხოლმე. თუმცა, ჩვენი თანმიმდევრული პრაგმატული პოლიტიკით შევძლებთ იმას, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, შევინარჩუნოთ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა დავითაშვილმა.