„ლელოს“ ამ წარმომადგენლის გარდა კიდევ ბევრი წარმომადგენელი იყო, მათ შორის, „ლელოსი“, გახარიასი და სხვების, რომლებმაც ვერ გაუძლეს წნეხს - გურამ მაჭარაშვილი თამუნა შიოლაშვილზე

გურამ მაჭარაშვილი

ოზურგეთის საარჩევნო კომისიის წევრის კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ თამუნა შიოლაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ. სქრინებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ლელოს“ ამ წარმომადგენლის გარდა კიდევ ბევრი წარმომადგენელი იყო, მათ შორის, „ლელოსი“, გახარიასი და სხვების, რომლებმაც ვერ გაუძლეს წნეხს.

„აღმოაჩნდათ ნამდვილად ნორმალური ადამიანის გრძნობა და ნამუსიანად მოიქცნენ, ვინაიდან, სადაც არ უნდა იყო და რა პოლიტიკური მრწამსისაც არ უნდა იყო, არ შეიძლება ასეთ უსამართლობაზე ხელი მოაწერო.

როდესაც ელექტრონული არჩევნებია და ოპოზიციიდან ხარ კომისიის წევრი, ელექტრონულად ამოვა რაოდენობა, მერე რომ გადათვლი და ამ რაოდენობას დაემთხვევა ხელით დათვლილი, ხელი რატომ არ უნდა მოაწერო კომისიის ოქმს?“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

თამუნა შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ „იყო მითითება მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა, შექმნილი იყო „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა ძირითადად „ლელოდან“.