კვიპროსში გაეროს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით გამართულ მინისტერიალზე მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით კვიპროსში იმყოფებოდა. ნიქოზიაში გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან ერთად განათლების სისტემის განვითარების საკითხები განიხილა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა გლობალურ დონეზე განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევაზე და ყურადღება გაამახვილა განათლების როლზე მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ ყველანი ვისწრაფვით მშვიდობიანი და სამართლიანი გარემოს შექმნისკენ, რომლის წინაპირობას განათლებული ახალგაზრდა თაობა წარმოადგენს. განათლებული თაობის აღსაზრდელად კი უმნიშვნელოვანესია განათლების სისტემის განვითარებაზე ზრუნვა და ამ მიმართულებით შესაბამისი ინვესტიციების განხორციელება.

გლობალურ დონეზე განათლების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა, რომელმაც პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო, დღეს მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, ვფიქრობ, ყველა კრიზისი ბადებს შესაძლებლობებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელოთ განათლებისა და მეცნიერების განვითარებასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე ზრუნვა, რაც მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ავიღოთ შესაბამისი ვალდებულებები და განათლების სფეროს განვითარების პროცესში უზრუნველვყოთ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა – ამ მიმართულებით, კი გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტრატეგია შესანიშნავ ჩარჩოს წარმოადგენს.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას.

მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) სრულად მოარგო ეროვნულ საჭიროებებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია, უზრუნველვყოთ ისეთი განათლების სისტემა, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ინკლუზიურ, თანასწორ და ჯანსაღ გარემოში მიიღონ ხარისხიანი განათლება, რაც მათი პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების მყარ საფუძველს შექმნის.

ჩვენ გვჯერა, რომ განათლება მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების უნივერსალურ საფუძველს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, მინდა გამოვყო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული „განათლების ტრანსფორმაციის“ სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, სადაც მან საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების, ტექნოლოგიებსა და ინოვაციების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო, რაც სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.“

მიხეილ ჩხენკელი ნიქოზიაში კვიპროსის რესპუბლიკის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, პროდრომოს პროდრომუსის მიწვევით იმყოფებოდა.

კვიპროსის რესპუბლიკისა და გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეობა ასევე მიიღეს UNECE-ს წევრი და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების განათლების მინისტრებმა და მაღალი დონის ოფიციალურმა პირებმა, საჯარო და კერძო სექტორის, საერთაშორისო და რეგიონული, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.