„კურიერის“ ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ

პაატა ბურჭულაძე

"კურიერმა" მოიპოვა კადრები და ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბურჭულაძე და ზოდელავა ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსს.

"კურიერის" ინფორმაციას არ უარყოფს თავად პაატა ბურჭულაძე, რომელიც აცხადებს, რომ ესაუბრება ყველას, ვინც 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით მის გეგმას იზიარებს.

"ვადასტურებ, რომ მთელ საქართველოსთან მაქვს კონსულტაცია... საქართველოს ყველა მოქალაქესთან მაქვს კონსულტაცია - ყველასთან დავდივარ სახლში", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ "კურიერის" კითხვის პასუხად.

"კურიერის" ინფორმაციით, მანამდე, პაატა ბურჭულაძე მურთაზ ზოდელავასთან სახლში იმყოფებოდა, რომელიც იმავე სადარბაზოში ცხოვრობს.

"კურიერი" ცოტა ხნის წინ ესაუბრა თავად მურთაზ ზოდელავას. როგორც მან განაცხადა, პაატა ბურჭულაძე მისი მეგობარია და საერთო პოლიტიკური შეხედულება აქვთ. ამასთან, მურთაზ ზოდელავა ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაია მისი მეზობელია, თუმცა კონსულტაციებს ბაჩო ახალაიასთან არ ადასტურებს.

"პაატა ბურჭულაძეს მე ვიცნობ, ვმეგობრობ მასთან, იცით, რომ ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს, რომელსაც საჯაროდ გამოვხატავთ. ბაჩო ახალაია არის ჩემი მეზობელი, ცხოვრობს ჩემს კორპუსში. პაატას მე ხშირად ვხვდები ძალიან, ჩვენ მუდმივად ვურთიერთობთ. ბაჩო ჩემი მეზობელია, მაგრამ კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, არ გავდივართ არავისთან. პაატა და მე ვართ ერთ პოლიტიკურ მოსაზრებაზე, ერთი საჯარო პოზიცია გვაქვს, რომელსაც არც ვმალავთ და ჩვენ ხშირად ერთმანეთს ვხვდებით. პაატა ჩემთან ხშირად მოდის ხოლმე სტუმრად, ბაჩო ჩემი მეზობელია, რა პრობლემაა?!" - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ "კურიერთან" საუბრისას.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია 4 ოქტომბერს დაანონსებული რადიკალური სცენარისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს და მითითებებს ახალაიასგან იღებს, ბაჩო ახალაია კი, თავის მხრივ, კონსულტაციებს უკრაინაში მყოფ გია ლორთქიფანიძესთან მართავს.