,,კონსტიტუციის 21-ე მუხლი ამბობს, რომ მშვიდობიანად შეკრების შესაძლებლობა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, აქვს საქართველოს მოქალაქეს" - ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

საზოგადოების უფლებების დასაცავად და უკანონობის აღსაკვეთად გადადგმული ნაბიჯი" - ასე აფასებს მმართველი გუნდი პარლამენტის მიერ კიდევ ერთ, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების მიღებას.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ამავე საკითხზე ოპოზიციას.

"კონსტიტუციის 21-ე მუხლი ამბობს, რომ მშვიდობიანად შეკრების შესაძლებლობა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, აქვს საქართველოს მოქალაქეს. მსგავსი ცვლილებები ყოველთვის ახდენს გავლენას ქვეყნის რეპუტაციაზე და მოქალაქეების განცდაზე, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აღარ არსებობს," - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, რომ სიახლის მიხედვით, დგინდება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ახლად დამტკიცებულ კანონში ასევე ნათქვამია, რომ თუ აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება, შეკრების მონაწილეებს ალტერნატიული ადგილი მიუთითონ.