კონკრეტული ფაქტებით არის დადასტურებული, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები აორგანიზებდნენ სააკაშვილის კონტეინერებით შემოყვანას საქართველოში, რასაც შემდეგ აქ არეულობა, სისხლის ღვრა და ქაოსი უნდა მოჰყოლოდა - იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკოსები კვლავ აკეთებენ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. ამ საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების ჩართულობაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმაც ისაუბრა.

„ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან არაფერი გაგვიკვირდება, ვინაიდან მათგან გვახსოვს როგორც მტრული რიტორიკა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დეზინფორმაციის მთელი სკალა, რასაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებდნენ, ასევე კონკრეტული ფაქტებით არის დადასტურებული, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები იდგნენ სათავეში და აორგანიზებდნენ სააკაშვილის კონტეინერებით შემოყვანას საქართველოში, რასაც შემდეგ აქ არეულობა, სისხლის ღვრა და ქაოსი უნდა მოჰყოლოდა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.