1770743848
კომპანია „ბარაქას“ დირექტორი: რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ფასების დაკლების საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს, მიმაჩნია, რომ შეიძლება, დაიწიოს 20%-მდე
კომპანია „ბარაქას“ დირექტორი ვაჟე ბერიძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ დიდი სივრცე არსებობს, რათა რძის პროდუქტებზე ფასები დაიწიოს.
როგორც ვაჟა ბერიძემ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დაწყებამდე ჟურალისტებს განუცხადა, შეიძლება, რომ ფასები 20%-მდე შემცირდეს.
„დღეს ჩვენ ვიკრიბებით ფასების რეგულირებასთან, უფრო სწორად, ფასების კლებასთან დაკავშირებით. ფასების კლება ნიშნავს ფასების რეგულირებას გარკვეულ პროდუქციაზე. როგორც ვიცი, დღეს განიხილება სასურსათო პროდუქტები, ნავთობპროდუქტები და მედიკამენტები. ესენია სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტები. უნდა განვიხილოთ ღირებულება, ფასი, ფასწარმოქმნა. ფაქტობრივად, ეკონომიკური ცხოვრების უმთავრეს, ძირითად საფუძველთა საფუძველს ვიხილავთ. გამოდის, რომ ჩვენ უკვე ვეჭიდებით ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, სადაც თავისუფლება არის. შემოვიტანე, რა წამალიც მინდა და ვყიდი იმ ფასში, რაც მინდა, რამდენითაც მინდა – თავისუფლებაა, ვერ შემზღუდავ. მეორე საკითხია ღირებულების საკითხი და უფრო მეცნიერულად თუ მივუდგებით, აუცილებლად უნდა ვნახოთ სივრცე, რომელიც იმდენი გვაქვს, რამდენიც გვინდა. საქართველო ძირითადად ზის იმპორტულ პროდუქციაზე, რძის ფხვნილია ეს თუ სხვა. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს ფასების დასაწევად. მიმაჩნია, რომ შეიძლება დაიწიოს 20%-მდე. ამას ვამბობ იმის მიხედვით, მე რამდენად ვყიდულობ, მაგალითად, რძის ფხვნილს. ასევე ლაპარაკი უნდა იყოს დაზღვევაზე. რძის და ყველის ფასი რამდენს დაიკლებს, ეს არაა მთავარი, არამედ ბიზნესმენისა და ხალხის გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო, დაზღვევა“, – განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
კითხვაზე, – „როგორც რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, თქვენს სექტორში 20%-იანი კლება რა სასურსათო პროდუქტზეა შესაძლებელი, ხომ არ არის ეს მაწონი, არაჟანი ან ხაჭო?“ – ვაჟა ბერიძემ უპასუხა: „კი ბატონო. უფრო მთავარს გეუბნებით, რომ სახელმწიფო და დაზღვევა უნდა იყოს გარანტორი როგორც ხალხის, ასევე ბიზნესმენის“.










