კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ 10 წლის ანგარიში მოისმინეს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ 10 წლის ანგარიში მოისმინეს

ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 10 წლის შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები მოისმინეს ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში.

„მიმდინარე კვირას, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი სრულდება. 2014 - წლიდან დღემდე, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გაატარა. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან ეხება მოქალაქეებს და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს არის შესასრულებლად ერთ-ერთი რთული და გამოწვევებით სავსე სფერო და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, აჩვენებს იმ ძალისხმევას თუ რა სურვილი აქვს საქართველოს იმისათვის, რომ საკუთარ მოქალაქეებს უკეთესი სტანდარტი შესთავაზოს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

ანგარიში სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა და ისაუბრა 10-წლიანი სამუშაო პროცესის შედეგად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების მიმართულებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე.

ანგარიში შეეხო სიღარიბის შემცირების და სოციალური ინტეგრაციის, დასაქმების პოლიტიკის განვითარების და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს.

მომხსენებლის განცხადებით, საქართველომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რიგი მნიშვნელოვანი სისტემური ნაბიჯები გადადგა, როგორც შრომის უფლებების დაცვის, ისე დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, აქტიური პოლიტიკა გატარდა შრომის ბაზრის, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნის მიმართულებით.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების და დაცვისთვის აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, ფართოვდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მისი დაფინანსებაც წლიდან წლამდე იზრდება, ძლიერდება პირველადი ჯანდაცვის მიმართულება. არსებითად გაფართოვდა სარგებლის პაკეტი ონკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის, დაიწყო და სრული დატვირთვით გრძელდება ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა. ამოქმედდა მედიკამენტების რეფერენტული ფასების პოლიტიკა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების პაკეტები, როგორიც არის დიაბეტის, ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის მართვა და სხვა სერვისები. აღინიშნა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის წარმატებით მიმდინარე პროცესი.

„გრძელდება ღონისძიებების გატარება, მათ შორის, ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა, დაფინანსების ახალი მექანიზმების და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების დანერგვა, საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაც ვფიქრობთ, არის მნიშვნელოვანი წინაპირობები იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება მომდევნო ხუთწლიან პერიოდში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.