1749577630
კოლეგების მიმართ ჩვენი შეთავაზებაა ცივილიზებულ გარემოში მსჯელობა, არავითარ ნებართვას არ ვითხოვთ, არავის ლოცვა-კურთხევა არ გვჭირდება, გავიდეთ ან არ გავიდეთ არჩევნებზე - გრიგოლ გეგელია

კოლეგების მიმართ ჩვენი შეთავაზებაა ცივილიზებულ გარემოში მსჯელობა, ჩვენ არავითარ ნებართვას არ ვითხოვთ, არავის ლოცვა-კურთხევა არ გვჭირდება, გავიდეთ ან არ გავიდეთ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
გეგელიას თქმით, მსჯელობა არასდროს არის ცუდი.
ჩვენ გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული და ვერავინ ვერაფერს შეგვაცვლევინებს. სამწუხაროდ, ადამიანებს პრობლემა აქვთ მსჯელობაზე და ცუდად აისახება საერთო ვითარებაზე, ასევე კარგად არ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამბობენ, რომ მსჯელობა არის ცუდი. მსჯელობა არასდროს არის ცუდი. იმის თქმა, რომ მსჯელობა არის ცუდი, არის ბოლშევიზმი და ჩვენ ვიბრძვით, რათა ბოლშევიზმისგან გათავისუფლდეს ქვეყანა. ასე რომ, თითების ქნევის გარეშე, ჩვენ არავითარ ნებართვას არ ვითხოვთ, არავის ლოცვა-კურთხევა არ გვჭირდება იმაში, გავიდეთ ან არ გავიდეთ.
ჩვენ, როგორც თანასწორ პარტნიორებს, შევთავაზეთ მსჯელობა. მორალის კითხვის, თითის ქნევის გარეშე, ყველა კოლეგამ ნება ინებოს და ცივილიზებულ გარემოში მივიდეს სამსჯელოდ. ეს არის ჩვენი შეთავაზება. ამ გაყალბებული არჩევნებითაც კი ვართ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე. ჩვენ ძალიან კარგი ხედვა გვაქვს, ამ ქვეყნისთვის რა არის უმჯობესი, ბევრი ამომრჩეველი გვყავს და მათაც ვეკითხებით აზრს. ასე რომ, სჯობს, მშვიდ ვითარებაში ვისაუბროთ. საერთო ინტერესების გამო ბევრ რამეს არ ვაქცევთ ყურადღებას, ბევრ რეპლიკას, არც თუ ისე ღირსეულ გამონათქვამს. ყველას ვთხოვ, შევინარჩუნოთ ცივილიზებული დამოკიდებულება. მზად ვართ, ვილაპარაკოთ ყველანაირ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატებში, სატელევიზიო ფორმატებში, მაგრამ მთავარია, ვისაუბროთ ცივილიზებულ გარემოში. ჩვენ გვინდა საქმიანი განხილვა, მათ შორის მზად ვართ, ასეთი განხილვა შედგეს სატელევიზიო ფორმატში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.