კოჯორში „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა

ბანაკი

პროექტი „ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ კოჯორში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამწყობრო მოედანზე ოცეულებად მოწყობილ ბავშვებსა და სერჟანტ-ინსტრუქტორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიმართეს. მათ ჯარის ცხოვრებაში ახალგაზრდების უფრო აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს და მოზარდებს „ჯარის ბანაკში“ მონაწილეობისთვის წარმატებები უსურვეს.

თავდაცვის სამინისტრომ პროექტი გააფართოვა და კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის პარალელურად „ჯარის ბანაკები“ მოეწყო საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში. საზაფხულო „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის უწყება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს და მასში მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

„ჯარის ბანაკი“ მოსწავლეებს სამხედროებთან ერთად „დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ აქტიურ, საინტერესო, შემეცნებით, მხიარულ, განსხვავებულ და სიახლეებით დატვირთულ დღეებს ჰპირდება. ბავშვები სამხედრო დისციპლინებს შეისწავლიან და ჩაერთვებიან საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციაში, გაივლიან პირველადი სამედიცინო დახმარების და დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ და სახალისო დავალებებს, თვითგადარჩენის კურსს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო მომზადებასა და სამთო მომზადებაში, მათ შორის ავსტრალიურ დაშვებასა და პარალელური ტროსებით წინაღობის გადალახვაში. საღამოობით ბავშვები კოცონთან შეიკრიბებიან და საინტერესო საუბრები ექნებათ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან, მათ შორის სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებთან, სნაიპერებთან და სამხედრო ისტორიკოსებთან, რომლებიც საკუთარი პროფილის მიხედვით ბავშვებს სანახაობრივ ჩვენებებს წარუდგენენ.

პროექტში აქტიურად არიან ჩართული საპატრიარქო და მისი წარმომადგენლები. სასულიერო პირები ახალგაზრდებს აცნობენ ეკლესიისა და ჯარის მრავალსაუკუნოვან ურთიერთკავშირსა და გამორჩეული წმინდანი მხედართმთავრების ისტორიებს, ასევე მათ გამოცდილებას საერთაშორისო მისიებში კაპელანებად მსახურობის დროს. ბანაკში ყოფნის ერთ-ერთ საღამოს კი, მოზარდები საპატრიარქოს დასის წარმოდგენას დაესწრებიან.

პროექტი „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია. გასულ წელს პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდა. დიდი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრომ პროექტი გააფართოვა და კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის პარალელურად „ჯარის ბანაკები“ დღესვე გაიხსნა ასევე, საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.