კობახიძე: კონკრეტული ევროპელები და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

 ირაკლი კობახიძე

ჩვენ თუ ავიღებთ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კრისტოფერ ლანდაუს განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული ადამიანები, ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან, რაც არის ორმაგი სტანდარტები და ეს განცხადება აღნიშნულის კიდევ ერთხელ შეხსენებაა.

„მანამდე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა ეს განცხადება. რეალურად, თუ ავიღებთ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გავიხსენოთ მოთხოვნები, რომლებსაც უყენებდნენ კონკრეტული ადამიანები, ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ისინი ითხოვდნენ საქართველოსგან სანქციების დაწესებას. ისინი ჩვენგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ომის დაწყების შემდეგ ლიეტუვა და ლატვია საქართველოზე 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდდნენ რუსეთში, როდესაც არც ერთი და არც მეორე ქვეყანა არ არის ღვინის მწარმოებელი. ეს არის ორმაგი სტანდარტები და ეს განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ ორმაგ სტანდარტებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუ, განაცხადა: „ევროპაში ჩემს მოგზაურობასთან დაკავშირებით ვკითხე სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის ქვეყნებმა 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე, ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე პერიოდში, რუსეთს მეტი თანხა მიაწოდეს თუ უკრაინას? გაკვირვებული დავრჩი, როდესაც პასუხი იყო: რუსეთი, და დიდი სხვაობით“.