კობახიძე ბრიტანულ დელეგაციასთან შეხვედრაზე: ჩვენი მხრიდან, იყო იმის განმარტება, თუ რატომ იკავებს კონკრეტულ პოზიციას საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებით

კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრისას, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ის, თუ რის გამო იკავებს საქართველო თავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებისგან.

„ძალიან მეგობრული, პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ბრიტანულ დელეგაციასთან, პარლამენტის წარმომადგენლებთან. შევეხეთ ყველა საინტერესო თემას, რომელიც უკავშირდება რეგიონს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე, ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე. ასევე, შევეხეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს პოზიციაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენებს საქართველოზე. ესეც იყო ჩვენი კოლეგების ინტერესის საგანი. სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან, იყო იმის განმარტება, თუ რატომ იკავებს კონკრეტულ პოზიციას საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სანქციებთან მიმართებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.