ხმაური, გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

ozurgeTis sakrebulo

ხმაური, გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით მჟავანაძის ბრალდება გახდა. მან მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომის მთაზე მიწების მითვისებაში დაადანაშაულა.  ბრალდებას მწვავე რეაქცია მოჰყვა მართველი გუნდისგან. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. დეპუტატებმა სხდომაზე ერთმანეთს აგინეს. შესვენების შემდეგ საკრებულოს წევრებმა გომის მთის სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია დაამტკიცეს.

""ნაციონალური მოძრობა" ,ეს დესტრუქციული ძალა, ყოველთვის ცდილობს არეულობა შემოიტანოს საკრებულოს სხდომაზე და ნორმალურ მსვლელობას შეუშალოს ხელი. მათი განცხადებები და აქტივობები ტყუილზეა აგებული.

დღესაც ამის მოწმეები გავხდით. სხდომაზე განიხილება ბიუჯეტის ზრდა, რომელიც 60 მილიონს გადააჭარბებს, ასევე, სოციალური მეწარმეების ხელშეწყობის პროექტი და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აუცილებელია. ამის გადაფარვის მიზნით აწყობენ პროვოკაციებს. თუმცა ჩვენ ამ საკითხს ადეკვატურად გავცემთ პასუხს.

არაერთი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობს სხდომა, როდესაც დესტრუქციული ძალა შეურაცხყოფას აყენებს სხვადასხვა პიროვნებას. შესაბამისად, მათი მხრიდან ზრდილობაზე საუბარი ზედმეტია.

რაც შეეხება გომის მთას, UNDP სთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი და შეიძინა გომის მთის განვითარების გეგმა, რომლის კონცეფციის პირველი ეტაპი წარმოდგენილი იქნა დღეს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. შემდეგი ეტაპია მისი დეტალური გეგმა. იქ იქნება განხილული ყველა ქონებრივი საკითხი. თუ დარღვევაა შესაბამისი ორგანოები შესაბამის მოქმედებებს გაატარებენ კანონით დადგენილი ყველა პროცედურის გათვალისწინებით,"- განაცხადა მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელაძემ