ხელისუფლებამ გაანეიტრალა გარედან მოწოდებული ნაღმი, მან თქვა, რომ სასპეკულაციო იარაღად არ შეიძლება იყოს გამოყენებული ის, რაც არ არსებობს. თავად ევროკავშირი აცხადებს, რომ 2030 წლამდე გაფართოებას არ აპირებენ - დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

სამწუხაროა ის რაც თბილისს ქუჩებში ხდებოდა. ეს განპირობებულია ისევ გარედან ჩარევებით და ისევ არასწორი ინტერპრეტაციებით იმ განცხადების, რაც გუშინ ხელისუფლებამ გაავრცელა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკის“ ეთერში.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ განცხადებით გაანეიტრალა ის ნაღმი, რომელიც გარედან რეზოლუციის სახით შემოიტანეს.

„ეს იყო მორიგი პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დასავლეთში ხელმოცარული გაემგზავრა და იქიდან ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუციით დაბრუნდა. საქართველოს არ ჰპატიობენ პრინციპულობას, რეალური სუვერენიტეტის დაცვას, ტრადიციული ოჯახური, ეროვნული ფასეულობების დაცვას და შენახვას, გაფრთხილებას და იმას, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა გუნდა, საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერით, ევროპის სახელით აურზაურის შემოტანა ხდება, ის რომ საქართველოში არ უნდა იყოს პრინციპული ხელისუფლება, ის უნდა შეიცვალოს გარე ჩარევებით ის ხელოვნურად იმ ხელისუფლებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაექვემდებარება გარე დაკვეთებს. ბრძოლის იარაღად ახლა გამოყენებულია ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. არავითარი მოლაპარაკების გახსნას ადგილი არ აქვს და ხდება იმის გაპროტესტება, რაც არ არსებობს. ნაღმის სახით შემოიტანეს რეზოლუციაში გაჟღერებული სხვადასხვა აბსოლუტურად მიუღებელი თემა, რომ მაგალითად სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ქვეყანა სანქციებს შეუერთდეს და ა.შ. ისევ წაუკითხავად ხდება გაპროტესტება. როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე იყო დაკვეთა, რომ არ წაიკითხოთ და გააპროტესტეთ, ახლაც არასწორი ინტერპრეტაციით არის მიწოდებული ის განცხადება, რაც ხელისუფლებამ გააკეთა. ხელისუფლებამ ამ განცხადებით გაანეიტრალა ის ნაღმი, რომელიც გარედან იყო მოწოდებული. მან თქვა, რომ სასპეკულაციო იარაღად არ შეიძლება იყოს გამოყენებული ის, რაც არ არსებობს. თავად ევროკავშირი აცხადებს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში არავის მიღებას არ აპირებენ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.