„ხელფასის ნაწილი ბინის ქირაში მიდის... მინისტრმა პირდაპირ გადაწყვიტა ჩემი დანიშვნა“ - ქანთარია გაორმაგებული ხელფასის მიზეზს ხსნის

ნუკრი ქანთარია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ალექსანდრე ქანთარია, რომელიც ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა, ხელფასის გაორმაგების მიზეზს ხსნის.

როგორც ქანთარია „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, მას ბათუმში ბინა არ აქვს და ხელფასის ნაწილი ბინის ქირაში მისდის.

ამასთან, ქანთარია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, როგორ დაინიშნა ამ თანამდებობაზე: 

„როგორ ხვდებიან ხოლმე აღნიშნულ თანამდებობაზე. აქ არავითარი კონკურსი არ არის, კანონი წაიკითხეთ. იქ არის სარეკომენდაციო საბჭო, რომელსაც შეუძლია მინისტრმა მოუსმინოს, ან შეუძლია, თვითონ დანიშნოს კანდიდატი პირი. ჩემს შემთხვევაში, მინისტრმა პირდაპირ გადაწყვიტა ჩემი დანიშვნა.

რაც შეეხება ხელფასს, ეს არის შეთანხმების საფუძველი. მე ბათუმში არ მაქვს ბინა, ხელფასის ნაწილი ბინის ქირაში მიდის. მთელი ყურადღება რომ თეატრს დაეთმოს, ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი. ხელფასებმაც მოიმატა მეტ-ნაკლებად. მე რა მოვითხოვე, ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა“,- განაცხადა ქანთარიამ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ხელფასი 2 940 ლარს შეადგენდა, ახლა კი 6 000 ლარს შეადგენს. სამხატვრო ხელმძღვანელის ხელფასი 3555 ლარით აღემატება დირექტორის ხელფასს. საშტატო ნუსხას კი, რომელშიც ხელფასებიც არის განსაზღვრული, მინისტრთან ერთად სწორედ, თეატრის დირექტორი ამტკიცებს.