ხატია წილოსანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის განცხადება აჩენს შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუკერძოებლობისა და სამართლიანი შეფასების თაობაზე

ხატია წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხატია წილოსანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის განცხადება აჩენს შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუკერძოებლობისა და სამართლიანი შეფასების თაობაზე, რამდენადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირებული არც ერთი შეშფოთება არ არის ხაზგასმული ამ განცხადებაში.

„გასულ კვირას ჩვენ ვუმასპინძლეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას საქართველოში. ჩვენ ვაფასებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალ ინტერესს არჩევნების მიმართ.

დელეგაციის განცხადება აჩენს შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუკერძოებლობისა და სამართლიანი შეფასების თაობაზე, რამდენადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირებული არც ერთი შეშფოთება არ არის ხაზგასმული ამ განცხადებაში“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

„ნება მომეცით მოგაწოდოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი მომავალი არჩევნების შესახებ:

1. 2024 წლის ევროპის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული ეთიკის კოდექსის საფუძველზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოამზადა ეთიკის კოდექსი. კოდექსს არჩევნებში მონაწილე 27 პარტიიდან მხოლოდ 6-მა მოაწერა ხელი, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“. დოკუმენტს არცერთი მთავარი ოპოზიციური პარტია არ შეუერთდა.

2. ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დარღვევებზე რეაგირების უწყებათაშორისი კომისია ფუნქციონირებს 15 ივლისიდან. დღემდე კომისიამ ჩაატარა 6 სხდომა, რომელსაც არცერთი ოპოზიციური პარტია არ დაესწრო. წარმოდგენილი იყო მხოლოდ მმართველი პარტია და ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის ორგანიზაციები.

3. 6-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, ოპოზიციასთან დაკავშირებულ სამ ტელეარხს [„მთავარი“, “ტვ პირველი“ და „ფორმულა ტვ“] სულ 787-ჯერ უნდა გაეშვათ „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამა, მაგრამ ეს ერთხელაც არ გაუკეთებიათ, ხოლო ოპოზიციის რეკლამა [ამ არხებზე] გავიდა 6 227-ჯერ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას აღნიშნული ტელეკომპანიები უსამართლოდ უდგებიან.

4. ბუნდოვანია ზღვარი რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის. ეს გამოვლინდა საჯარო წყაროების გამოყენებით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ არჩევნების მონიტორინგის მიზნით რეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 19 პირდაპირ კავშირშია ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. გარდა ამისა, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოპოზიციის ლიდერებთან ერთად აწარმოებს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას ამომრჩევლებთან შეხვედრისას. უფრო მეტიც, ახლად შექმნილი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები საარჩევნო სიებში ორმა ოპოზიციურმა პარტიამ დაასახელა.

5. კონკრეტული დარღვევების არაერთგზის საჯარო და სისტემატური ხაზგასმის მიუხედავად, დღემდე არცერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ აქვს ასახული რაიმე ფაქტი თავის ანგარიშებში და არცერთი განცხადება არ გაუკეთებია. ეს აშკარად ადასტურებს მათ მიკერძოებას ოპოზიციის სასარგებლოდ.

6. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პროცესში ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა აშკარა საგარეო ჩარევა, როდესაც ოპოზიციის ლიდერებსა და ამომრჩევლებს შორის შეხვედრები დაფინანსდა კონკრეტული საერთაშორისო და უცხოური სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ;

ამავდროულად, ჩვენ ვამაყობთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ამომრჩეველთა დაახლოებით 90% მისცემს ხმას ინტერნეტიდან გათიშული ელექტრონული აპარატებით, ამიტომ [პროცესი] დაცულია ყოველგვარი გარე ჩარევისგან“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა თავის გამოსვლაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და „ამიტომ, ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებზე სამართლიანი და მიუკერძოებელი დაკვირვება ჰქონდეს“.