ხაბეიშვილის თქმით, ექიმებმა სააკაშვილის სიმაღლეს 2 სმ მოაკლეს, რადგან საბუთებში პარამეტრები შეენარჩუნებინათ

ხაბეიშვილი

სააკაშვილის ჯანმრთელობა ნაციონალური მოძრაობისთვის იქნება პრიორიტეტული, ნომერ პირველი და ვერანაირი სხვა პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება ქვეყანაში, სანამ ტყვეობაში ეყოლებათ, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც ვივამედში მას შემდეგ მივიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციაში გადაჰყავთ.

ხაბეიშვილი ამბობს რომ ქართული ოცნება "დანის პირზე დადის" და აკეთებს ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს.

„მე ახლა როგორც შევიტყვე ექიმებისგან, პრეზიდენტ სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში, იმიტომ რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოცდეს მისი პარამეტრები. 194 სმ-ია სააკაშვილი და 68 კგ. 2 სმ კიდევ მოაკლეს და ეს იმიტომ, რომ პარამეტრები შეინარჩუნონ. ხვდებით ხო, თუ რაზე მიდის ხელისუფლება? წარმოუდგენელია".- ამბობს ლევან ხაბეიშვილი მთავარ არხთან საუბარში.

მისივე თქმით, სააკაშვილი რეანიმაციაში სასამართლო პროცესების მიმდინარეობის გამო არ გადაჰყავთ.

კლინიკა ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ.

დღეს განცხადება გააკეთა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემაც. მან თქვა, რომ დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია.