კეზერაშვილს ვურჩიე, რომ პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის - ნიკა მელია

კეზერაშვილი-მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, BBC-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს ეხმაურება.

ნიკა მელია Facebook-ზე წერს, რომ „ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება“. 

„მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალსა" და „ახსნას" ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო.

ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება. ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე - ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა "დავალებიდან" გამომდინარე.

თუ ქართული ოცნების დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა "მოსახერხებელი" პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისგან - ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ - ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა“, - წერს ნიკა მელია.

 ცნობისთვის, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დავით კეზერაშვილი Milton-ის ჯგუფთან არის დაკავშირებული, რომელმაც ხალხს თაღლითური გზით მილიარდამდე დოლარი გამოსძალა.