ლონდონში მდებარე კეზერაშვილის სახლის ღირებულება 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია - BBC-ის გამოძიება

კეზერაშვილი

„ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატიის სათაურია „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“.

„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს.

„ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.

„ბიბისიმ“ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ​ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.

„ბიბისიმ“ ასევე გადაამოწმა იმ ოთხი პირის სოციალური ქსელები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებენ. ამ ქსელებში განთავსებული სხვადასხვა წვეულებისა თუ ქორწილების ფოტოებიდან ირკვევა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართულ ოთხივე პირს ახლო კავშირი აქვს კეზერაშვილთან.

კეზერაშვილს „ფეისბუქზე“ 45 საერთო მეგობარი ჰყავს „მილტონის ჯგუფთან“ დაკავშირებულ პირებთან და „ბიბისიმ“ დაადგინა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართული ერთ-ერთი პირი არის კეზერაშვილის ნათესავი.

„ბიბისი“ ასევე, წერს, რომ, კეზერაშვილისგან კომენტარის მიღების მიზნით, „ბიბისის“ ჟურნალისტები მივიდნენ ლონდონში მდებარე მის სახლში, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მან ადვოკატის საშუალებით უარყო თაღლითურ სქემასთან კავშირები.

ამასთან, მან თქვა, რომ კიევში მდებარე კომპანია „ევერ ეფიქსი“, მისი ცნობით, კანონიერ ბიზნესს აწარმოებს. მისმა ადვოკატმა „ბიბისის“ უთხრა, რომ ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია თაღლითებთან მისი კავშირის შესახებ ვერაფერს ამტკიცებს. თაღლითობაში მონაწილეობას „ბიბისისთან“ ინტერვიუში უარყოფენ გამოძიებაში მოხსენიებული სხვა პირებიც.