კარგია, თუ მიხვდებიან, რომ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული ქმედება ანტიეროვნულია - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საპროცესო შეთანხმებაზე

ქადაგიშვილი

 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება. სასამართლო პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

დანაშაული აღიარეს და მოინანიეს ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ. ნანა სანდერსთან კი, საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ გუშინ დაამტკიცა. ის საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს.

საკითხს აფასებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დანაშაულის აღიარება და მონანიება კარგია სახელმწიფოებრივი სტაბილურობისთვის.

"კარგია, თუ მიხვდებიან და გაათვითცნობიერებენ, რომ ის მიზანი და ქმედება, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებასთან იყო დაკავშირებული, იყო ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მანკიერი პოლიტიკური მიზნების გატარებას.

როდესაც ამის აღიარება და მონანიება ხდება, კარგია სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისათვის, სტაბილურობისათვის და, ბუნებრივია, კარგია იმ ადამიანისთვის, რადგან მას ამ ცუდი მიზნის გამო აღარ უწევს ციხეში ყოფნა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

✕