კანონში ასე ხისტად ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, დაუშვებელია - დიმიტრი გვრიტიშვილი

დიმიტრი გვრიტიშვილი

კანონმდებლობაში ასე ხისტად ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, არის დაუშვებელი, - ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან, საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მისი მოსაზრების საწინააღმდეგო არგუმენტი შეხვედრაზე ვერ მოისმინა.

„კანონმდებლობაში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, ასე ხისტად არის დაუშვებელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ მიეკუთვნება ე.წ. პრეცედენტული სამართლის ქვეყნებს, ჩვენ ვართ კონტინენტური სამართლებრივი სისტემის, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანაწერი არის ზედმეტი. მოსამართლეები საქმის განხილვისას ისედაც ვითვალისწინებთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პრეცედენტულ სამართალს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დამატებითი ვალდებულების დაკისრება მიზანშეუწონელია,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა.