კახა კალაძემ თბილისის მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა

კახა კალაძემ თბილისის მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კახა კალაძემ მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიის მიერ ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ ყველა პროექტზე დაწვრილებით ისაუბრა.

„მინდა, გაგაცნოთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა გავაკეთეთ მიმდინარე წელს. 2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვ. მეტრს შეადგენს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი, ხიდი, დამატებით მოეწყო 22 ახალი ქუჩა, კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 26 ქუჩაზე, ორმოული შეკეთების სამუშაოები კი - 742 ობიექტზე. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ფინანსური ხარჯი შეადგენს - 100 მილიონზე მეტ ლარს.

გარდა ამისა, 26 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად (58 შენობა-ნაგებობა). საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის კი, მიმდინარე წელს დაიხარჯა 33 მილიონი ლარი .

მათ შორის, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარმოადგენს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები; დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია; მდინარე მტკვარზე მდებარე „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2023 წელს თბილისის მერიის მიერ 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. ჯამში, დაირგო 114 730 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 207 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ამავე ფართობზე დაითესა და დაირგო ბალახის საფარი. დედაქალაქის მასშტაბით, დაირგო 390 000 სეზონური ყვავილი. თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე, განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის 16 776 ნერგი და მომავალი 4 წელი განხორციელდება მათი მოვლა-პატრონობა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში, ჯამში, დაფინანსდა 1750 განაცხადი, რაზეც 45 მლნ ლარი დაიხარჯა. ჯანდაცვის პროგრამებში ჯამურად 81 740 000 ლარი დაიხარჯა, რაიონული გამგეობების დონეზე - დაკმაყოფილდა ბენეფიციართა 30 000 მდე განაცხადი ერთჯერადი ფინანსური დახმარების თაობაზე (თანხა - 5 933 350 ლარი); 33 000 ბენეფიციარმა მიიღო მედიკამენტების დაფინანსება (თანხა 5 062 000ლარი);

სპორტის მიმართულებით 2023 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა 240 სპორტული ღონისძიება, განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობა მიიღო 78 000-მდე ბენეფიციარმა. წლის განმავლობაში დაფინანსდა 34 სპორტული ორგანიზაცია და ფედერაცია სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შესაძენად, ინვენტარით და ეკიპირებით სარგებლობს 6 524 ბენეფიციარი.

2023 წელს სამსახურის მიერ განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ სპორტულ ცენტრებში სპორტული მედიცინის დანერგვის საპილოტე პროგრამა, რაც გულისხმობს სპორტში ჩართული ბენეფიციარების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმება/სკრინინგს და ეს ყველაფერი არის უფასო ახალგაზრდებისთვის.

2022 წელს დაიწყო და წარმატებით გრძელდება პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“. პროგრამის ფარგლებში, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 1 000-ზე მეტი მოქალაქე უსასყიდლოდ სარგებლობს საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით. პროგრამაში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზები.

დასრულების ეტაპზეა მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში, ასევე მიმდინარეობს დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა ამისა:

2023 წელს დასრულდა თბილისში, ვარკეთილის დასახლება მე-2 მიკრორაიონი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N41-ის მიმდებარედ და ლიბანის ქუჩა N11-ის მიმდებარედ სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები; სკეიტ მოედნები დიდი პოპულარობით სარგებლოს ბოლო წლების განმავლობაში. მთლიანად სავსეა ახალგაზრდებით.

მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მკ/რ-ში ღია ტიპის სკეიტ-მოედნების სამშენებლო სამუშაოები, ასევე, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის და ვაზისუბნის დასახლებაში ფეხბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები; ასევე, დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის ქუჩა N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები; სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხუთ სპორტულ ცენტრს და ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი. მიმდინარეობს სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2024 წელს, ასევე, გუმათჰესის ქ. N1 (ს/კ01.19.23.013.071) მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

2023 წელს წელს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია სპორტულ დაწესებულებებში მომუშავე სპორტის სხვადასხვა სახეობის 350 მწვრთნელს, რომლებიც სპორტის 49 სახეობაში ავარჯიშებენ მოზარდებს.

სპორტის 32 სახეობაში ყოველთვიურად ფინანსდება 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა ჩემპიონატში გამარჯვებული 250 წარმატებული სპორტსმენი

2023 წელს განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით გაგრძელდა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 617 მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა.

„გრძელდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება „ისწავლე, დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2023 წელს 60-ზე მეტ პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2500-მდე მოქალაქე. ჩვენ გვაქვს სრული მონაცემები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით სჭირდება ბიზნესსექტორს გამოცდილი და კვალიფიცირებული კადრები და ზუსტად ამ მიმართულებით ვცდილობთ გადავამზადოთ კადრები.

ახალგაზრდების ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დასვენების, რეკრეაციისა და გართობის მიზნით, ხორციელდება საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები და ფესტივალები. საზაფხულო პროგრამების ფარგლებში, 6 000-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო მათთვის საინტერესო აქტივობებში (ლაშქრობები და საველე ბანაკები, საჯომარდო ტურები, ველო ტურები, კარტინგები, საცურაო აუზები), ხოლო მასშტაბური თემატური ფესტივალების განხორციელებაში (ციფრული ფესტივალები, თბილისის სტუდენტური ფესტივალი, ქუჩის ხელოვნების ფესტივალები, ღია ცის ქვეშ ახალგაზრდული ფესტივალები სხვადასხვა უბანში), რომელშიც 30 000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა სხვადასხვა ფორმით.

მუნიციპალური სერვისების ხარისხის, სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის განვითარება. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომლის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც იქნება რეაბილიტირებული. რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დასრულება იგეგმება 2024 წელს.

იხილეთ სრულად