კახა კალაძე: მედიასაშუალებები თავად ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას

 კახა კალაძე

ევროპელი ბიუროკრატების სურვილი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არა პატრიოტი ადამიანები, არამედ - მათი აგენტურა, რომლებიც ნებისმიერ დროს ქვეყანას ქარ-ცეცხლში შეაგდებდნენ, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის მიმართვას, რომელიც მან საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხის შესახებ გაავრცელა.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციური მედიასაშუალებები საკუთარი თავის დისკრედიტაციას თავად ახდენენ.

„რაში სჭირდება მედიას დისკრედიტაცია? შეხედეთ და დააკვირდით ოპოზიციურ მედიასაშუალებებს, მათ სატელევიზიო პროგრამებს, საინფორმაციო გამოშვებებს. ისინი თავადვე ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას. მათი საქმიანობა დაფუძნებულია სიცრუეზე. ეს ტელევიზიები აღვივებენ შუღლს ქვეყანაში, ხელს უწყობენ პოლარიზაციას.

რაც შეეხება იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების დროს დამარცხდნენ და არიან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მათი სურვილი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არა პატრიოტი ადამიანები, ვინც ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს დაიცავდნენ, არამედ - მათი აგენტურა, რომლებიც ნებისმიერ დროს ქვეყანას ქარ-ცეცხლში შეაგდებდნენ. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. წარმოუდგენელია რაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება და ეს უკრაინელი ხალხის ინტერესში არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. როდესაც მოგვიწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გახსენითო, პრინციპული პოზიცია დავიცავით. ეს ნაბიჯი არ გადავდგით, მიუხედავად უამრავი მუქარისა და შანტაჟისა. რეზოლუციები მიიღეს, რომ სანქციებს მიუერთდითო. ჩვენ დავდექით ღირსეულად ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ ქვეყანას დავაზიანებდით“, - განაცხადა თბილისის მერმა.