კახა კალაძე ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე: ამ ბოროტების ერთ-ერთი შემოქმედი კეზერაშვილია, მიღებული თანხები შავად შემოდის საქართველოში, რომელიც ხმარდება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ტელევიზიებს. ამას წერტილი უნდა დაესვას

 კახა კალაძე

ეს არის თაღლითური სქემა და ამაზე ევროპული ქვეყნებიც საუბრობენ. კონკრეტული სახელ-გვარებით ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რითაც ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეს გამოეხმაურა.

„ამ ბოროტების ერთ-ერთი შემოქმედი არის კეზერაშვილი, მიღებული თანხები შავად შემოდის საქართველოში, რომელიც ხმარდება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ტელევიზიებს. ამას წერტილი უნდა დაესვას და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისსა და ქუთაისში ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. თაღლითობა, ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება - სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ობიექტი, რომელშიც ფინანსური პოლიცია შევიდა, დავით კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელს ეკუთვნის. ალექსანდრე ნინუა კეზერაშვილის თავდაცვაში სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო და სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თანამშრომელთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, თანამშრომელთა ნაწილი კი სოციალურ ქსელში რადიკალურ ჯგუფებს მხარდაჭერას უცხადებს.