ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1759747969
თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაწეული პრევენციული ღონისძიებებისთვის მადლობას უხდის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გარკვეული ძალები ქვეყანაში დაძაბულობის და არეულობას შემოტანას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ.
„ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდებოდა. დაველოდოთ გამოძიებას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებას პრევენციული ღონისძიებებისთვის იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით, რომ მტერი არ ისვენებს, ყველანაირად ცდილობს, სხვადასხვა ხერხით, ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს. აგერ, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. შესაბამისად, ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოძალადეების და კრიმინალების ადგილი პოლიტიკაში არ არის.
„რადიკალები ჩვეულებრივი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან, კრიმინალები, მოძალადეები. თუკი რაიმე უბედურება ხდება ქვეყანაში, ყველაფერი გარედან დაფინანსებულია და ეს უსახური ადამიანები, ეს მოძალადეები, რომლებიც რამდენიმე ცალია დარჩენილი, რა თქმა უნდა, შექმნილია გარე დაფინანსებით. ამას გარკვეული წელი დასჭირდა, თანხები აქვთ დახარჯული იმაში, რომ ამ ტიპის უზნეო, უმორალო, უპრინციპო, უსახური ადამიანები შეექმნათ. ამ ქვეყანაში მოძალადეებს, კრიმინალებს ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. მათი ადგილი არ არის პოლიტიკაში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ სახელმწიფო გადატრიალების, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის კონკრეტული მაგალითი და ამას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. ძალიან ბევრი ადამიანი აგებს პასუხს აღნიშნულთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები განვითარებული პროცესებისგან გამიჯვნას ცდილობენ, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ეს არ გამოუვათ და ყველას, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განახორციელა, შესაბამისი პასუხი გაეცემა.
„არ გამოუვათ იმიტომ, რომ ყველაფერი დაფიქსირებულია, ყველაფერი ინახება - მათი განცხადებები, კონკრეტული ქმედებები. შესაბამისად, ვინ რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს, ეს ერთი ძალადობრივი დაჯგუფებაა, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა სახელი ერქვას, მაგრამ ერთი პატრონი ჰყავს, ასრულებს ერთ დავალებას, სხვადასხვა ფორმით. ჩვენ ვაფრთხილებდით, ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვიფრთხილებია. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი მოქალაქეები არიან, კარგია თუ ცუდია, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ხელისუფალი, ვაფრთხილებდით წინა დღეების განმავლობაში, რომ ვინმემ არ გაბედოს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა. ვიღაცებმა გადადგეს? ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.