კაია კალასის განცხადებით, საქართველოში მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება განიხილეს, თუმცა ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

კაია კალასი

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციას და რუსეთ-უკრაინის ომს განიხილავდნენ. დისკუსიის საგანი იყო საქართველოც. დახურულ კარს მიღმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს საკითხზე, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კაია კალასი აცხადებს, რომ კოლეგებთან მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება განიხილა, თუმცა ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კალასის თქმით, ევროკავშირი არ აპირებს დასაჯოს ქართველი ხალხი ან საქართველო.

"ჩვენ ამ დროისთვის შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, ამ მიმართულებით რაიმე სახით წინსვლას შევძლებთ.

განვიხილავდით ვსჯით თუ არა საქართველოს, თუმცა განზრახვა არ არის საქართველოს ან ქართველი ხალხის დასჯა. მიზანია იმ კონკრეტული პირების დასჯა, ვინც საქართველოში ადამიანების უფლებებს არღვევს", - განაცხადა კაია კალასმა.