"ჯერ დავაკვირდებით, როგორი იქნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნება" - რუსეთის საგარეო ე.წ „რეფერენდუმზე“

რუსეთის საგარეო უწყება

"სამხრეთ ოსეთში "რეფერენდუმის" საკითხის განხილვის დროს აუცილებელია, გავითვალისწინოთ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„ჯერ დავაკვირდებით იმას, როდის შედგება "რეფერენდუმი", როგორი იქნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნება, შემდეგ კი იქნება რეაგირება რუსეთის მხრიდან. უნდა გავითვალისწინოთ ფაქტორების მთელი ერთობლიობა, მათ შორის, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ის, თუ რამდენად მიზანშეწონილი და დროულია სწორედ ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა რუდენკომ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება. შესაბამის ბრძანებას დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი. ბიბილოვი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევთან დამარცხდა. გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია 24 მაისს შედგება.