იზოლატორში 13-ზე მეტი ადამიანია, აბსოლუტური უმრავლესობა ჰყვება, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ დაკავებისას, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობა, არის სიმხეცე, გამართლება არ აქვს - ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი

იზოლატორში 13-ზე მეტი ადამიანია, აბსოლუტური უმრავლესობა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ დაკავებისას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ასეთი ფორმით მოპყრობას გამართლება არ აქვს.

„იზოლატორში, სადაც მე ვიყავი ახლა შესული, მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. 13-ზე მეტი ადამიანია ამ წუთებში იზოლატორში. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ადამიანებისგან, ორის გარდა, ფაქტობრივად ყველა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ეს მსუბუქი ნათქვამია. ადამიანები ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით. ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობა, არის სიმხეცე. ამას გამართლება არ აქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, სახალხო დამცველმა სამართალდამცველებს, რომ დაკავების დროს უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.

„პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას. მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი პირველ რიგში უნდა დაიცვას სამართალდამცველმა. გასაგებია, შეიძლება, ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მიუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა. ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით ახლა, რომ შევედი“, – აღნიშნა იოსელიანმა.