ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ  იანვარი-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10.5%, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ზრდა არის მართლაც ძალიან გამორჩეული არა მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ. მინდა, ასევე, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ მაგალითისთვის, ივნისში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა  ბრუნვა გაიზარდა 20.4%-ით, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6 641 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 36%-ით არის მეტი გასული თვის მონაცემთან შედარებით.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ექსპორტი  გაიზარდა დაახლოებით 28%-ით და შეადგინა 448 მლნ დოლარი.
გაჯანსაღების ტენდენციები მაღალია ტურიზმის სექტორშიც. ჩვენ ამის თაობაზე ხშირად ვსაუბრობთ. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში იყო 88.7%, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 300 მლნ დოლარზე მეტი.

ასევე, ფულადი გზავნილების მოცულობა არის საგრძნობლად გაზრდილი და ივნისში შეადგინა 427 მლნ დოლარი. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს.

7 თვეში ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით 1 273 000 000  ლარამდე დაუბრუნდა. ასევე,  მინდა გითხრათ, რომ საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB სტაბილურ დონეზე შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებთან  შედარებით გააჩნია, როგორც საიმედო და ეფექტიანი პოლიტიკის ჩარჩო, ასევე, მმართველობის ღია ინდიკატორები.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება, რაც უკვე აღვნიშნე, რაც მთავრობის ვალის მშპ-სთან წილის სტაბილიზებას უწყობს ხელს, ხოლო მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გააჩნია მნიშვნელოვნად მაღალი მმართველობის ინდიკატორები“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.