ისმინებოდა ყველა ის გამოსვლა და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დიდი ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების წევრები საუბრობდნენ რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე - თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია

უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ოპოზიციასთან ერთად უკრაინული დელეგაციაც მუშაობდა, პოლიტიკური შეფასებების თემაა.

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე მხოლოდ უკრაინის წარმომადგენლებს არ უსაუბრიათ და ამ საკითხებზე ყურადღება ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმაც გაამახვილეს.

"ისმინებოდა ყველა ის გამოსვლა, სადაც არამხოლოდ უკრაინის "რადის" წევრები, არამედ დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების წევრები საუბრობდნენ რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე. თითქოს ეს ყველაფერი უკრაინის ბრალია - რაც გაგრძელებაა "უკრაინიზაციის" ტერმინის," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, საბა ბუაძე ხაზს უსვამს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

"მე ამ დელეგაციის ნაწილი არ ვყოფილვარ და არც უკრაინული დელეგაციის. "ქართულმა ოცნებამ" თავად შეიჩერა უფლებამოსილება, ჩვენ როგორ ვმუშაობდით?! თუ ჩვენ ვმუშაობდით, ე.ი. ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედა?! რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობდით იმ საკითხებზე, რომ ასახულიყო პოლიტპატიმრების და ქვეყანაში მიმდინარე მიმდინარე მოვლენები ევროსაბჭოს რეზოლუციაში და ეს ასეც მოხდა", - აცხადებს საბა ბუაძე.