ირაკლი ქადაგიშვილი სანდუზე: ეს ის ქალბატონი პრეზიდენტია, რომელიც 4 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას აქეზებდა და უჭერდა მხარს

ირაკლი ქადაგიშვილი

ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ თურმე აქ ჩვეულებრივ პოლიტიკურ სპეკულაციასთან გვაქვს საქმე ევროკავშირის მხრიდან, - ასე შეაფასა ირაკლი ქადაგიშვილმა მაია სანდუს განცხადება მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების მხარდაჭერის შესახებ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს, რომ 4 ოქტომბერს მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას უჭერდა მხარს.

„თურმე საქართველო, როდესაც ევროკავშირის მიერ ჩატარებული თუ შეკვეთილი ამ ყველა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მიერ ფაქტობრივად ყველა მიმართულებით არის აღიარებული, როგორც წარმატებული, მზარდი ეკონომიკისა და განვითარების მაღალი პრიორიტეტების მქონე სახელმწიფო, არ არის მზად ამისთვის [ევროინტეგრაციისთვის] და სახელმწიფოზე, რომლის პრეზიდენტიც აცხადებს, რომ მზად არის სხვა სახელმწიფოს ნაწილი გახდეს, იმასთან დაკავშირებით ასეთი სპეკულაციები გვესმის. თან ეს ის ქალბატონი პრეზიდენტია, რომელიც 4 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას აქეზებდა და უჭერდა მხარს. ამიტომ აქ ნათლად ჩანს, რა არის პატრიოტიზმი და რა არის აგენტურული მოღვაწეობა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს.