ირაკლი ქადაგიშვილი: კანონები იმიტომ მივიღეთ, რომ მავნე საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა შეიზღუდოს, ვეღარ აფინანსებენ და ახლა საგანმანათლებლო ხაზს იყენებენ, აქაც გაშიფრული არიან

ირაკლი ქადაგიშვილი

კანონები იმიტომ მივიღეთ, რომ მავნე საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა შეიზღუდოს, ვეღარ აფინანსებენ და ახლა საგანმანათლებლო ხაზს იყენებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ყველამ დაინახა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მნიშვნელობა.

„ყველამ კარგად დავინახეთ, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტურული ქსელის მკვებავი ორგანიზაციები აღმოჩნდნენ და გაკრული აბრის უკან შავი საქმეების კეთება ხდება. ეს გზა რომ ამოექოლათ, ახლა გიული ალასანიას სასწავლებლის მეშვეობით დაიწყეს მზადება. როგორც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, ასეთი თავდასხმა შიდა ტერორიზმია. ჩვენ ეს კანონით არ გვაქვს გამოცხადებული, მაგრამ ლოგიკა ესაა. შიდა ტერორია, როცა დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანები ამბობენ, რომ არჩევნები უნდა ჩაშალონ, ხელისუფლება დაამხონ და ასე შემდეგ. ეს ტერორია დემოკრატიის წინააღმდეგ. ვინც ამ საქმეშია ჩართული, კანონის შესაბამისად მიიღებს პასუხს. კანონები იმიტომ მივიღეთ, რომ მავნე საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა შეიზღუდოს, თუმცა ეს საკითხი მხოლოდ ხაბეიშვილ-ბურჭულაძის დონეზე არ არის დაყენებული. ამას საზღვარგარეთიდან, სპეცსამსახურების მხარდაჭერა აქვს. საქართველოზე ორკესტრირებული შემოტევა სხვანაირად არ ხდება. საჯარო გახდა დაფინანსება და ვეღარ აფინანსებენ, ახლა საგანმანათლებლო ხაზს იყენებენ და აქაც გაშიფრული არიან. ამის პარალელურად, ევროკავშირი მხარს უჭერს ხელისუფლების დამხობის მიტინგს. ამას როცა აცხადებს, იქ დემოკრატია ნულია. ეს არის სპეცოპერაციის ნაწილი, რასაც დემოკრატიასთან, ევროპულ ფასეულობასთან არაფერი აქვს საერთო. სინამდვილეში, ეს სპიკერი ევროკავშირის დისკრედიტაციით არის დაკავებული, თუმცა, რასაც უბრძანებენ, ის უნდა თქვას. ყველაფერი საქართველოს გამარჯვებით დასრულდება. ადრე თუ გვიან, ევროპა ან მიხვდება, რაშია საქმე, ან თავის თავს ცუდ რამეს უკეთებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.