ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არ არის არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, საქართველო არ მიისწრაფვის რუსეთისკენ, საქართველო მიისწრაფვის, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე რუსული აგრესია არ განმეორდეს

ქადაგიშვილი

„ეს არ არის არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, ერთი ელემენტარული მიზეზის გამო. საქართველო არ მიისწრაფვის რუსეთისკენ, საქართველო მიისწრაფვის, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე რუსული აგრესია არ განმეორდეს და ამით საქართველოს არა მარტო ევროპისკენ მიმავალი გზა არ ჩაეხერგოს, არამედ ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი დაზიანების და განადგურების საშიშროების წინაშე არ აღმოჩნდეს“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციის წინასაარჩევნო ნარატივი, რომ მოსახლეობამ 26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის ისეთივე გახუნებული რიტორიკას, როგორიც იყო ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“.

„როდესაც არჩევანი არის მშვიდობასა და ომს შორის, მშვიდობა სწორედ ნიშნავს კეთილდღეობას, ღირსებას, განვითარებას და ამით ხდება რეალურად ევროპაში შესვლა. და არა იმით, რომ ამ გამოკიდებული, გახუნებული ლოზუნგით „არა რუსულ კანონს“ უნდათ საზოგადოება, ხალხი დააჯერონ, რომ თითქოს ეს არის გზა რუსეთისკენ. და ეს, რომ ასე არ არის, მათი რიტორიკაც ყველაზე კარგად შიფრავს, მათსავე წინა წლების და წინა თვეების რიტორიკას, როდესაც ისინი მოითხოვდნენ რუსეთისათვის პირდაპირი სანქციების დაწესებას, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში. როდესაც ისინი აბრალებდნენ საქართველოს, რომ საქართველო არის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი და საერთოდაც იარაღითაც ამარაგებს. ანუ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველო დაეზიანებინათ. კონფრონტაციული ფონი შექმნილიყო რუსეთთან, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, არა მარტო ეკონომიკური, შეიძლება სამხედრო აგრესიითაც დასრულებულიყო“,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი „მშვიდობასა და ომს“ შორის.