1759303322
ირაკლი ქადაგიშვილი - ადამიანებს აგულიანებენ, თითქოს ჰეროიკული ბრძოლაა და უნდათ, ახალი სასაკლაოსკენ წაიყვანონ, მშვიდობის დაცვის უპირველესი ვალდებულება აქვს ხელისუფლებას, ამიტომ, მშვიდობას ვიცავთ

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მშვიდობის დაცვის უპირველესი ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია, რასაც აკეთებს კიდეც.
ქადაგიშვილის თქმით, წლების განმავლობაში საქართველომ მოახერხა და წინა ხაზზე ეროვნული ინტერესების დაცვა წამოსწია, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა.
ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„წინააღმდეგობა, რაც გარედან თუ შიგნიდანაა, სწორედ დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა. ქართველ ხალხთან ერთად შევძელით, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის რეალიზაცია, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს ადვილი გზა არ იყო, ამ გზას დაცვა სჭირდება. არჩევნებს ებრძვიან – იმაზე ნათელი ტესტი რა უნდა იყოს, რომ ამ ხალხს გარეთ, თუ შიგნით არც დემოკრატია აინტერესებს და არც არჩევნები? „ფეისბუქთან“ მოკალათებული ადამიანების მხრიდან მშვიდობის ქილიკი ადვილია. იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მშვიდობა როცა არ იყო ამ ქვეყანაში, ან გარბოდნენ, ან იმალებოდნენ. ადვილია იმ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, ვისაც არ უნახავს ომი, ომის საშინელება და დაპირისპირებით გამოწვეული ქვეყნის ნგრევა და ჩამოშლა. ამიტომ, ამ ადამიანებს აგულიანებენ, თითქოს ასეა, ჰეროიკული ბრძოლაა და რეალობას მოწყვეტით უნდათ, ეს ადამიანები ახალი სასაკლაოსკენ წაიყვანონ. მშვიდობაა ის, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულებაც აქვს ხელისუფლებას. ამიტომ, ჩვენ ამ მშვიდობას ვიცავთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.