1759260719
ბაგების დასახლებაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება

ბაგების დასახლებაში საერთაშორისო სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება, - განაცხადა დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძეს შესაბამისი დავალება მისცა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პრობლემური საკითხების განხილვისას, გამოიკვეთა, რომ ბაგების დასახლებაში, რომელიც სწრაფი ტემპით იზრდება, საბავშვო ბაგა-ბაღი არ არსებობს.
„ბაგების დასახლება ძალიან იზრდება. როდესაც პრობლემურ საკითხებს განვიხილავდით, გამოიკვეთა ერთი პრობლემა, რომ იქ არ არსებობს საბავშვო ბაგა-ბაღი. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს, რომ დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა ბაგებში აშენდეს საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვაკის რაიონისთვის და კონკრეტულად, ბაგებში მცხოვრები ოჯახებისთვის. მომავალი წლიდან დავიწყოთ აღნიშნული პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა ბაგების დასახლებაში დაანონსებული საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის შესახებაც.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის ყველა რაიონში, მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური ცენტრი არსებობდეს.
„ბაგების დასახლებაში საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ეს მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პროექტი განხორციელდება. ეს იქნება პირველი საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრი ღია საცურაო აუზით, რაც მისასალმებელია. ჩვენ გვინდა, რომ ყველა რაიონში, მინიმუმ ერთი ასეთი მრავალფუნქციური ცენტრი არსებობდეს საცურაო აუზებით, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნებით, საჭიდაო დარბაზებით, სატრენაჟორო სივრცეებით, მედიათეკითა და კაფე-ბარებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.