ირაკლი კობახიძის წერილი არ არის ქვეყნის ინტერესებისთვის, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის გაყიდვის მტკიცებულება - პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე

ირაკლი კობახიძის ღია წერილი არ არის ქვეყნის ინტერესებისთვის, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის გაყიდვის მტკიცებულება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

მანჯგალაძე დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისასდმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ წერილი არ არის დიპლომატიური ტექსტი.

„კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი.

ეს არის უმადური რუსის ბოდვა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკას, სდებს ბრალს იმაში, რაც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს: კორუფცია, ჩაგვრა, ანტიდასავლური კანონი, ხალხის წინააღმდეგ ომი, საქართველოს იზოლაცია და დაუცველად დატოვება.

არავითარ „გადატვირთვაზე“ არ არის საუბარი! თავად წერილია გადატვირთული რუსული პროპაგანდით. ის იმეორებს ყველა რუსულ კონსპირაციას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც 1991 წლიდან იცავს ჩვენს თავისუფლებას;

ითხოვს პასუხს იმაზე, რატომ სჯიან კორუმპირებულ რეჟიმს, რომელსაც ფული ურჩევნია თავისუფლებას და ძალაუფლება – საკუთარ ხალხს.

ეს წერილი არ არის ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის გაყიდვის მტკიცებულება. გაყიდული ქვეყანა, გაყიდული მომავალი, უფრო დაუცველი ხალხი – ესაა კობახიძის წერილის მიზანი, მაგრამ ჩვენ ივანიშვილს უნდა ვუთხრათ მკაფიოდ: საქართველო არ არის კობახიძე!

საქართველო არ არის ივანიშვილი და მისი კორუმპირებული ბანდა!

საქართველო არის:

• ახალგაზრდობა, ხალხი, რომელიც ქუჩაში იცავს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს;

• მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ: არ გვინდა რუსული ჭაობი!

თავისუფლების წყარო არის ხალხში, რომელიც არ გაჩერდება სანამ საქართველო არ გახდება თავისუფალი, დაცული და ევროპული!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.