ირაკლი კობახიძე - თავად პრეზიდენტმა აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, შეფუთა ვიზიტი კერძო ვიზიტად - როდესაც სტუმრობ პრეზიდენტებს და მაღალი თანამდებობის პირებს, დროშის ფონზე იღებ ფოტოებს და ამას უწოდებ კერძო ვიზიტს, არასერიოზულია

თავმჯდომარე

„პრაქტიკულად, თავად პრეზიდენტმა აღიარა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და შეფუთა ვიზიტი კერძო ვიზიტად - როდესაც შენ სტუმრობ პრეზიდენტებს და მაღალი თანამდებობის პირებს, დროშის ფონზე იღებ ფოტოებს და გამოდიხარ საქართველოს სახელით, ამას უწოდო კერძო ვიზიტი ეს აბსოლუტურად არასერიოზულია, სამწუხაროდ“,  - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუცია, ასევე მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დარღვევის ტენდენციის შეჩერება.

„ჩვენთვის მთავარია ერთადერთი რამ, რომ კონსტიტუცია და წესები იყოს დაცული - ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ჩვენ ამ კუთხით ვნახეთ ძალიან ნეგატიური ტენდენცია და გვინდა, რომ ტენდენცია იმთავითვე შევაჩეროთ. ეს ტენდენცია უკავშირდებოდა ვიზიტებს. თქვენ იცით, რომ საქართველოში არის ჩამოყალიბებული საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც პრეზიდენტს აქვს მინიჭებული არსებითად ცერემონიული, სიმბოლური უფლებამოსილებები და ამ სისტემაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ მთავრობა ახორციელებს. არის მკაფიო ჩანაწერები, რომელიც გვაქვს კონსტიტუციაში. როდესაც პრეზიდენტს აქვს გარკვეული სურვილი, რომ ჩაერთოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, ამისთვის მას სჭირდება მთავრობის თანხმობა. რეალურად, დაირღვა კონსტიტუცია და ძალიან მარტივად, ამას ყველა კვალიფიციური იურისტი აღიარებს. კონსტიტუციის მიღმა იმოქმედა პრეზიდენტმა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი, პირველ რიგში, უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რაც მოხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ