ირაკლი კობახიძე: იყო მარტივი ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს

ირაკლი კობახიძე

იყო მარტივი ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს, - განაცახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და აქედან იწყება კოორდინაცია, იწყება ჯერ სანქციების მოთხოვნა, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, შემდეგ იწყება უკვე უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევა, აქ იწყება აქციები ქუჩაში, რადიკალური ოპოზიციის აქციები.

„აქ სრული კოორდინაცია იყო უკრაინის ხელისუფლება იქ, რადიკალური ოპოზიცია აქ. კონკრეტული მოთხოვნები კონკრეტული ელჩების მხრიდან და ამას მერე დაემატა ევროპარლამენტის რეზოლუციები. ექვსი სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს უკვე თვლაც აგვერია და ასევე შუალედში იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის უართან დაკავშირებით. შემდეგ წელიწადნახევარში გამოვიბრძოლეთ კანდიდატის სტატუსი. შემდეგ დაიწყო შანტაჟი მოლაპარაკების გახსნის თემით, იქ იყო მერე სანქციები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ბრიტანეთი სხვა მიმართულებებით ევროკავშირის ქვეყნები და ა.შ. ეს ყველაფერი იყო კოორდინირებული. სრული კოორდინაცია იყო ამ ყველაფრის უკან. იყო მარტივი ინტერესი, უკრაინას და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით. სრულიად ირაციონალური იქნებოდა ამ ყველაფერში შეყოლა.

გვესმოდა თავიდანვე რომ დიდ ძალასთან გვქონდა საქმე ამ არაფორმალურ ძალასთან, რომელიც მართავდა იმ დროისათვის პროცესებს აშშ-ში და ევროკავშირში, დღესაც ხედავთ, რამხელა გავლენა აქვთ. ვიცოდით წინააღმდეგობა დიდი იქნებოდა ჩვენი ამ უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა შეგნებულად შევედით ამ ბრძოლაში, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობდა იმისათვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები. ამიტომ უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.