ირაკლი კობახიძე: გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას, ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს

ირაკლი კობახიძე

გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის, მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარულნი ვართ, რომ ძალიან დადებითი დინამიკაა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მოხარულნი ვართ და ამას ხაზი გავუსვით დღეს მთავრობათაშორის კომისიაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რათა ჩვენ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველვყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა გამორჩეულ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა არის ნამდვილად სამაგალითო და ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობის, მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. დასასრულს, პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მინდა, მადლობა გადავუხადო მისი გამორჩეული პირადი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებაში“, – აღნიშნა პრემიერმა.