1792094214
ირაკლი კობახიძე: გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ, მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც
ჩვენი საქმიანობა მხოლოდ დაცული ტერიტორიებით არ შემოიფარგლება. გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ. მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ბიომრავალფეროვნება განუყოფლად არის დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, კულტურულ იდენტობასა და სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან და ქვეყანა, როგორც ღვინის სამშობლო, გამოირჩევა მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორიით.
„ექვსი პრიორიტეტული სახეობის აღდგენის ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს ბუნების დაცვის მიმართულებით თანმიმდევრული და გრძელვადიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
საქართველოსთვის ბიომრავალფეროვნება განუყოფლად არის დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, კულტურულ იდენტობასა და სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან. საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, გამოირჩევა მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორიით, რაც არქეოლოგიური მტკიცებულებებით დასტურდება, საქართველო გამორჩეულია ვაზის 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის მრავალფეროვნებითა და ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი მეთოდით, რომელიც იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოში ხორბლის მოყვანის უძველესი ტრადიცია. მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის ხუთი ენდემური სახეობაა. ქართული ხორბლის კულტურა, რომელიც 2025 წელს იუნესკომ აღიარა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ტრადიციულ ცოდნასა და თაობების საარსებო წყაროებს შორის არსებულ მჭიდრო და უწყვეტ კავშირს.საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ჯანსაღი ეკოსისტემები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვას, იზიდავს ვიზიტორებს და მცირე ბიზნესს განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს უქმნის. შესაბამისად, მათი დაცვა მხოლოდ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა კი არ არის, არამედ ინვესტიციაა ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და გრძელვადიან კეთილდღეობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.








