1789641528
ირაკლი კობახიძე გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას და ერთობლივი პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებას, რამდენადაც გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების დადებით ტენდენციებზე, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ დინამიკასა და ტურიზმის მნიშვნელოვან წილზე ქვეყნის ეკონომიკაში.
როგორც გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში და ეს ციფრებითაც დასტურდება. შაიხა ნასერ ალ ნუვაიმ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს დაკავშირებადობის კუთხით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო სხვა ქვეყნებისთვის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.
ყურადღება დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აქტიური საერთაშორისო პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიო ბაზარზე.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










