ირაკლი კობახიძე: ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენა

ირაკლი კობახიძე

ყველას გვახსოვს, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსის საკითხი საქართველოს დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში არეულობის შემოსატანად და საზოგადოების გასახლეჩად, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, როცა საქართველოს სიმშვიდე ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა, ევროპელი აქტორების ნაწილმა, ეს თემა ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წამოწყების და საზოგადოების გახლეჩისთვის გამოიყენა

„უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველა მეტად ესაჭიროებოდა სიმშვიდე, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენა. აღნიშნულ რევოლუციის მცდელობაში ღიად იყვნენ ჩართული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირიდან იღებენ დაფინანსებას. თითქმის 2 წლის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მთავარ ინსტრუმენტად, რაც საქართველოს მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს.

ახლა კი, ვხედავთ, რომ ამ ადამიანებმა კანდიდატის სტატუსი მოლაპარაკებების გახსნით ჩაანაცვლეს. მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. ესეც არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის თარიღზე გაწევრიანების თარიღი საერთოდ არ არის დამოკიდებული.“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.