ირაკლი კობახიძე: ჩვენი სამართალდამცველები ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, საერთოდ არავინ იღებს ხმას იმ ქმედებებზე, რომლებსაც ევროპის მასშტაბით ვხედავთ, ეს არის ორმაგი სტანდარტი

 ირაკლი კობახიძე

საერთოდ არავინ იღებს ხმას იმ ქმედებებზე, რომლებსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ როდესაც, თავის დროზე, სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ყველა მიჩვეული ვართ და საზოგადოება ამას ხედავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, თავის დროზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს როცა უწევდა ძალის გამოყენება, ქართველი სამართალდამცველები მოქმედებდნენ არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და ევროპის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები ამის მორიგი დასტურია.

„თავის დროზე, ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს როცა უწევდა ძალის გამოყენება, მაშინ ძალიან თამამად ვაცხადებდით, რომ ჩვენი სამართალდამცველები მოქმედებდნენ არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. ეს იყო მოცემულობა და ამის მორიგი დასტური ვიხილეთ.

ჩვენ მანამდეც გვქონდა არაერთი მაგალითი, რაოდენ ბრუტალურ ძალას იყენებდნენ როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ, თან ხშირად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენს შემთხვევაში გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ იყო ინციდენტები, სერიოზული გადაცდომები, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომები, თუმცა არსებითად სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით.

რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ამას მიჩვეული ვართ, საერთოდ ხმას არ იღებს არავინ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ, როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ყველა მიჩვეული ვართ და საზოგადოება ამას ხედავს“, – აღნიშნა პრემიერმა.

✕