ირაკლი კობახიძე: არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ადამიანების გულწრფელი და ემოციური დამოკიდებულება გამოიყენოს ანტისახელმწიფოებრივი მიზნით

„ქართული ოცნების“თავმჯდომარე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება პარლამენტში ხალხის დაუყოვნებლივ შესვლის შესახებ, შემდეგ სხვები ცდილობდნენ, რომ ეს შეეფუთათ.

აქედანაც ჩანს, რომ იქაც კი არის რაღაც რაციონალური ელემენტი და ყველა ხედავს, რომ პოლიტიკური ელემენტების შეტანა ამ აქციაში შეიძლება მათთვის იყოს კონტრპროდუქტიული, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ორგანიზატორებისთვის არის სწორედ ეს, მაგრამ ისინი ხედავენ, რომ პოლიტიკური ელემენტების შეტანას მოჰყვება წარუმატებლობა და მუხტის დაწევა. ამიტომ მოუწიათ სხვებს ამ წამოცდენის თუ აშკარად გამოხატული აგრესიის შეფუთვა. თუ ვინმეს დღეს აქვს პოლიტიკური ინტერესი, რომ პროტესტი დაუპირისპიროს ხელისუფლებას, მათი ერთადერთი მიზანია, სახელმწიფოს მიაყენონ დარტყმა. როცა საუბარია გულწრფელ პროტესტზე, ამის უფლება ყველას აქვს და ძალიან კარგი იყო, როდესაც უამრავმა აჩვენა მსოფლიოს სოლიდარობის მაგალითი, მაგრამ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ადამიანების გულწრფელი და ემოციური დამოკიდებულება გამოიყენოს ანტისახელმწიფოებრივი მიზნით. არიან ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ მათ სახელმწიფოს შერყევის უფლებას არ მივცემთ“, - ამბობს კობახიძე.