ირაკლი კირცხალია: სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად

ირაკლი კირცხალია

სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის წერილს, რომელიც მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებს მისწერა.

"სალომე ზურაბიშვილი და მისნაირები რომ არ დაიცავენ თავისი ქვეყნის ინტერესს, ამაში ახალი არაფერია. ესენი არიან ჩვეულებრივი აგენტები. არ მგონია სერიოზული კომენტარი გავაკეთო სალომე ზურაბიშვილმა რა მისწერა მინისტრებს.

​რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ რაღაც სანქციებით ვერავის შეაშინებენ. ეს არის მათ ხელში შანტაჟის იარაღი და შანტაჟი არის მათი ბუნებრივი სახე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს ინდივიდუალურად წერილით მიმართა.