1750017082
ირაკლი კირცხალია ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: ოპოზიცია თავისით ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ისინი მოქმედებენ იმ სცენარით, რაც მოდის მათი პარტნიორების მხრიდან - ახლა ისინი მუშაობენ დივერსიფიცირების ახალ გეგმაზე

ოპოზიცია თავისით ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ისინი მოქმედებენ იმ სცენარით, რაც მოდის მათი პარტნიორების მხრიდან - ახლა ისინი მუშაობენ დივერსიფიცირების ახალ გეგმაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ლიდერების მონაწილეობის საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციური ველიდან უკვე ჩანს შეცვლილი რიტორიკა, განსაკუთრებით გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, რომ ესენი არ წარმოადგენენ თავიანთ თავს, არც ბატონი გახარია და არც ის თითოეული დანაყოფი, რომელიც არის წარმოდგენილი დღეს ე.წ. ოპოზიციურ ველზე. ეს ერთი დედა პარტიის ქვეშ გაერთიანებული ძალებია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ეს უკვე დღესავით ნათელია, მეტი მტკიცება და მხილებაც აღარ სჭირდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ისინი თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, ისინი იღებენ იმ გადაწყვეტილებას და მოქმედებენ იმ სცენარით, რა სცენარიც მოდის მათი პატრონების მხრიდან, საზღვარგარეთიდან. მათ ჩვენი საზოგადოება მათზე უკეთესად იცნობს და განსაკუთრებით ბოლო წლებში და ბოლო თვეებში, წინასაარჩევნოდ, ძალიან კარგად გაიცნო სახელითა და გვარებით ზოგი საქართველოში და ზოგი საქართველოს ფარგლებს გარეთ, თავისი ძალიან ხშირი ჩართვებითა და პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით, რომელიც პირდაპირ ეხებოდა ჩვენს შიდა პოლიტიკას და თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდს“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მისივე თქმით, ახალი რიტორიკის გამოჩენა ახალი დავალებაა.
„დასაწყისი ახალი რიტორიკის ესეც არის რაღაც ახალი დავალება. მათმა პატრონებმა, უბრალოდ, ერთგვარი დივერსიფიცირება მოახდინეს. თავის დროზეც, ალბათ, დანაყოფებად დაყოფა ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მიზანიც ეს იყო, რომ გარკვეულ ნაწილად დივერსიფიცირება მოეხდინათ ამ რაღაც აგენტურულ ბაზარზე ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ასე ვთქვათ ძალიან ნათლად, მკაფიოდ ასრულებენ ის ფიგურები და მოლაპარაკე თავები, ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც გვევლინებიან დღეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. სალომე ზურაბიშვილი, გახარია, მელია, გვარამია, არ აქვს მნიშვნელობა ამ სახელებსა და გვარებს, მათ ერთი სახელი და გვარი აქვთ და ამას ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. ასევე, ახლა დააწინაურეს გახარია, მათ მანდატებზეც არ აქვთ უარი ნათქვამი და ეს ყველაფერი არის დავალება და იმ დივერსიფიცირების სტრატეგიული გეგმა, მათი ჭკუით, რასაც ახორციელებენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, რაც უფრო ნაკლები აგენტი და აგენტურული დანაყოფი იქნება წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკურ სივრცესა და ველში, მით უკეთესია ეს საქართველოსთვისა და ჯანსაღი პოლიტიკური ველისთვის.
კირცხალიას თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდებიან.
„შევხედოთ პოლიტიკაში ვინც არის, მინიმუმ ყველა ვერკვევით, რას ნიშნავს რეიტინგი. მათი რეიტინგი განახევრებულია და ისტორიული მინიმუმზეა დასული მათი მოღვაწეობის პერიოდში. ეს მათი და მათივე პატრონების გამო რაც აქ დაატრიალეს. ასე რომ დარწმუნებულები არიან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში სასტიკად დამარცხდებიან და უბრალოდ ახლა მიდის კიდევ ერთხელ ამ დივერსიფიცირების გეგმის დამუშავება“, - აღნიშნა კირცხალიამ.