არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
ბრალდებულის სტატუსით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე მივიდა.
სასამართლოს მეთორმეტე დარბაზში ექსპრემიერი უკომენტაროდ შევიდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს შუამდგომლობით, ჯერ პროკურორმა მიმართა, სახელმწიფო ბრალდებამ ყოფილი პრემიერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის გირაოს გადახდა.
დამატებით პასპორტის ჩამორთმევა და საქართველოს დატოვების აკრძალვა მოითხოვა. პროკურორის ამ შუამდგომლობას სამივე ადვოკატი და თავად ბრალდებული ღარიბაშვილიც დაეთანხმა. მსაჯულის გადაწყვეტილებით, ექსპრემიერს მილიონიანი გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა განესაზღვრა, ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა საქართველოს საზღვრის დატოვებაც.
საქალაქო სასამართლოს შენობა კი ყოფილმა პრემიერმა უკომენტაროდ დატოვა, სიტყვის უფლებით არც პროცესზე ისარგებლა. მის ნაცვლად, მედიასთან ადვოკატებმა ისაუბრეს და როგორც სხდომათა დარბაზში, ისე მის გარეთაც თქვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
სასამართლო პროცესამდე კი იყო ბრიფინგი მთავარ საგამოძიებო უწყებაში. გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. გამოძიებით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვის მიუხედავად, ფარულად იყო ჩართული ბიზნესში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავალს იღებდა. შავი ფულის გათეთრების მიზნით კი, ქონებრივ დეკლარაციაში არასწორი ინფორმაცია შეჰქონდა.
თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ორი მანქანა - გამოძიების ინფორმაციით, ძვირადღირებული ავტომობილები ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და სხვის სახელზე გადააფორმა.
სუს-ისა და პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი ეს თანხა კი, პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდანაა ამოღებული. საუბარია ექვს ნახევარ მილიონ დოლარზე, რომელიც სამართალდამცველებმა ექსპრემიერის სახლში, სხვა ნივთმტკიცებულებებთან ერთად იპოვეს.
ბრალის ოფიციალური დადგენილების გაცნობამდე, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ სუს-ში გამოჰკითხეს. ექსპრემიერი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ბრალსაც აღიარებს. ე.წ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება. დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირში მყოფი ორი პირი. კობა ხუნდაძეს აღკვეთის სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა, დაკავებულს ბრალი, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება. ამავე მუხლს ედავებიან ანდრია ლილუაშვილსაც, რომელიც ბრალის წარდგენის მოლოდინშია. სამართალდამცავები სავარაუდო გავლენებით ვაჭრობის ფაქტებსაც იკვლევენ და არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.