ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში ვიზიტის დროს საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს აჰმედ ალ ხატიბს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეისათვის ორ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები.

ყურადღება გამახვილდა ტურიზმზე და ხაზი გაესვა ამ სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ პოტენციალს.

აღინიშნა,  რომ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ორ ქვეყანას შორის არსებული პირდაპირი ავიარეისები ხელს უწყობს ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას.

მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ ბიზნესსა და ვაჭრობის მოცულობას შეუწყობს ხელს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესმეგობრული ურთიერთობების განვითარება საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოდან კიდევ უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის შემდეგ, საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ქვეყნის სტენდთან მიიწვია.  პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოს საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და ტურიზმის მინისტრისგან საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტული პროექტებისა და ITB Berlin -ზე წარმოდგენილი სიახლეების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. პრემიერს საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრმა სამახსოვრო, ტრადიციული ხელნაკეთი  საჩუქარი გადასცა.